სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვივამედის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეფასებას აქვეყნებს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მესამე პრეზიდენტის ნევროლოგიური სტატუსი უცვლელია და საერთო ჯამში, ნარჩუნდება თანდათანობითი ნელი დინამიკა გაუარესებისკენ.
"პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია და შეედარება სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა ჯგუფის წინა ჩანაწერებს - კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება.
გამოხატულია მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით. თუ გავითვალისწინებთ 2023 წლის 22-23 მაისის მონაცემებს, ჰემატოკრიტი იყო 22%, რეტიკულოციტები 0,5% (5‰), რაც მიუთითებს, რომ რეტიკულოციების პროდუქციის ინდექსი 0,1 და მაღალი ალბათობით ნიშნავს ძვლის ტვინის არაადეკვატურ პასუხს. ექსპერტთა ჯგუფი ფიქრობს, რომ ასეთი მონაცემები მომატებული ფერიტინის და ნორმალური რკინის ფონზე ქრონიკული დაავადების (ამ შემთხვევაში პროტეინდეფიციტური მალნუტრიციის - შიმშილის) მიმანიშნებელია. ამაზე მეტყველებს ჰიპოპროტეინემიაც და ჰიპოფიბრინოგენემიაც.
კვების დეფიციტის გამოხატულებაა ელექტროლიტური დისბალანსიც"- აღნიშნულია შეფასებაში.
რაც შეეხება მართვას კლინიკაში, ამ მხრივ განსაკუთრებული შენიშვნები სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფს არ აქვს. განცხადების თანახმად, გრძელდება სიმპტომური მკურნალობა, რაც მათი [კლინიკის] მხრიდან პრაგმატულ მიდგომას წარმოადგენს.
"პაციენტის მდგომარეობას მკურნალი ექიმები აფასებენ სტაბილურად, საყურადღებოდ, საშუალო სიმძიმედ (მხოლოდ ერთ ჩანაწერში (31.05.2023) ფიგურირებს, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება ).
ასევე, საგულისხმოა, რომ 2023 წლის 14 ივლისის შემდგომ აღინიშნება ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია), რაც შეიძლება იყოს ასევე, ძვლის ტვინის სუპრესიის შედეგი და თუ ეს ტენდენცია ნარჩუნდება და არ არის დათვლის ტექნიკური პრობლემა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ძვლის ტვინის სუპრესია ამჟამად უფრო მკვეთრად არის გამოხატული, ვიდრე მანამდე იყო, რაც მთლიანობაში მდგომარეობის გაუარესების ნიშანია. ლეიკოპენიის ალტერნატიული პრობლემა ასევე, შეიძლება იყოს ვიტამინ B12 და ფოლიუმის დეფიციტი, როგორც მალნუტრიციის შედეგი, რაც ამ თვალსაზრისით მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს; შესაძლოა, სხვა ალტერნატიული მიზეზებიც იყოს, მაგ. ვირუსული ინფექცია.
ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ საერთო ჯამში, ნარჩუნდება თანდათანობითი ნელი დინამიკა გაუარესებისკენ, რაც, სამწუხაროდ, სავსებით ლოგიკურია ჯგუფის მიერ გაკეთებული წინამდებარე დასკვნების კონტექსტში"- აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ მომზადებულ შეფასებაში აღნიშნულია, რომ ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი.
"ჯგუფი არ ერთვებოდა და არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში. ექიმთა ჯგუფი გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესის მონიტორინგს და პერიოდულად, 2-4 თვის შუალედებით განაგრძობს პაციენტთან ვიზიტებს, ასევე, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას. ცხადია, გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობაში, ვიზიტი განხორციელდება არაგეგმიურადაც. ექიმთა ჯგუფის მორიგი ვიზიტი პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან იგეგმება სექტემბრის თვეში"
სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:
- გიორგი გრიგოლია
- გიორგი კაჭარავა
- თენგიზ წულაძე
- ნინო ზავრაშვილი
- აიდა გოზალოვა